პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ჰააგაში ნატო-ს სამიტს დაესწრება
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ჰააგაში ნატო-ს სამიტს დაესწრება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივნისში, ჰააგაში ნატო-ს სამიტს დაესწრება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

კითხვაზე, სჯერა თუ არა სიკორსკის, რომ აშშ კვლავ ერთგულია ნატო-ს მე-5 მუხლის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითი პასუხი გასცა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა ეს ლიდერებთან, ეს კვლავ ძალაშია და ასევე, როგორც გავიგეთ, პრეზიდენტი ტრამპი დაესწრება სამიტს ჰააგაში“, – განაცხადა სიკორსკიმ.

როგორც „როიტერი“ წერს, ნატო-ს სამიტი ჰააგაში 24-26 ივნისს გაიმართება.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრებოდა, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ, დღევანდელი დღის მდგომარეობით, უკრაინას ჯერჯერობით არ მიუღია მიწვევა.

ამასთან, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის 24-26 ივნისს ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე ელოდებიან.