პოლონეთის პროკურატურამ ქალაქ სკარჟისკო-კამენაში, დრონების ქარხანაში ხანძართან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მიმართულებით დაიწყო
პოლონეთის პროკურატურამ ქალაქ სკარჟისკო-კამენაში, დრონების ქარხანაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ტერორიზმის მიმართულებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებით, ხანძარი WB Electronics-ის ქარხანაში, აალებადი მასალების შემცველი ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსების შედეგად განზრახ გააჩინეს. პროკურორებმა განცხადებაში აღნიშნეს, რომ გამოძიება დაიწყო „პოლონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობაში მონაწილეობასა და ტერორისტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, რაც 2026 წლის 31 აგვისტოს სკარჟისკო-კამენაში მდებარე WB Electronics S.A.-ის ტერიტორიაზე ხანძრის განზრახ გაჩენას გულისხმობს“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ხანძრის შედეგად განადგურდა საწყობის შენობები, მიყენებული ზარალის ღირებულება კი, სულ მცირე, 15 მილიონ პოლონურ ზლოტს (დაახ. ოთხ მლნ დოლარს) შეადგენს“.
მედიის ცნობით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა ნიღბიანი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ღობეზე გადაძრომის შემდეგ ტერიტორიაზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე ასევე იპოვეს ზურგჩანთა და მაისური.
ცნობისთვის, WB Electronics პოლონეთში იარაღის მწარმოებელი უმსხვილესი კერძო კომპანიაა. მისი სადაზვერვო და დამრტყმელი დრონებით უკრაინის შეიარაღებული ძალებიც სარგებლობენ.