პოლონეთის პროკურატურა, რომელიც სმოლენსკის ტრაგედიას იძიებს, 43 რუსი ექსპერტისთვის ბრალის წარდგენას გეგმავს
პოლონეთის პროკურატურა, რომელიც სმოლენსკის ტრაგედიას იძიებს, 43 რუსი ექსპერტისთვის ბრალის წარდგენას გეგმავს. საუბარია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ავიაკატასტროფის დროს დაღუპული 61 ადამიანის ცხედრის გაკვეთაში.
პროკურატურას მიაჩნია, რომ აღნიშნული ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნები მცდარ ინფორმაციებს შეიცავს.
პროკურატურამ რუსულ მხარეს დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა თანამშრომლობაზე უარი მიიღო, რის გამოც ახლა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვას და ამ პირების მიმართ საერთაშორისო ძებნის ორდერის გამოცემას ითხოვენ.
2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფას 96 ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ. მათთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა პოლონეთის სამთავრობო დელეგაციაც, რომლებიც კატინის 70 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას უნდა დასწრებოდნენ.