პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ევროკავშირის დროშას წვავს
პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გჟეგოჟ ბრაუნმა კატოვიცეში, მრეწველობის სამინისტროში ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და ფეხით გათელა.
ადგილობრივმა მედიამ ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.
ვიდეოკადრებში ასევე ჩანან ევროპარლამენტარის გარშემო შეკრებილი სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ მისი ქცევის გამო.
როგორც პოლონური მედია წერს, ბრაუნმა განაცხადა, რომ „ეს პოლონეთია და არა ბრიუსელი“.
„ჩვენ არ გამოვფენთ ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი ორგანიზაციების სიმბოლოებს, რომელთაც, ღვთის წყალობით, სახელმწიფო სტატუსი არ აქვთ“, – განაცხადა ბრაუნმა.
ამის შემდეგ სოციალურ ქსელში თავად პოლიტიკოსმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ევროკავშირის დროშას წვავს.
აღსანიშნავია, რომ გჟეგოჟ ბრაუნმა ევროკავშირის დროშა დაწვა მას შემდეგ, რაც დღეს ევროპარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს 2023 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც პოლიტიკოსმა ხანუქას სანთლები ჩააქრო. როგორც პოლონური მედია წერს, 2024 წელს ვარშავის რაიონული პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაში ბრაუნს ედავებოდნენ სეიმის ტერიტორიაზე ადამიანთა ჯგუფის შეურაცხყოფას რელიგიური ნიშნით. როგორც მედია წერს, ეს არ არის პოლიტიკოსის ერთადერთი სამართლებრივი პრობლემა. ვარშავის რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო Super Express-ის ბოლო დებატების დროს შეურაცხყოფისა და სიძულვილის გაღვივების საკითხზე.