პოლონეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა შესთავაზა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა შესთავაზა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
„შევთავაზე ნატო-ს გენერალურ მდივანს, გაზარდოს ნატო-ს მზადყოფნა ევროპის ამ ნაწილში, აღმოსავლეთ ფლანგზე, განიხილოს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის შესაძლებლობა, ასევე განიხილოს მისიის გაძლიერების საკითხიც, მაგალითად, საავიაციო პატრულირების, ან სხვა სადაზვერვო მისიები“, – განაცხადა ანჟეი დუდამ.
პოლონეთის ლიდერის თქმით, ამ ნაბიჯებმა უნდა დაანახოს ყველა პოტენციურ აგრესორს, რომ ნატო მზადაა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების დასაცავად და ასევე, ყურადღებას აქცევს იმ პარტნიორების უსაფრთხოებასაც, ვინც არ არის ნატო-ს წევრი.
დუდამ თავის გამოსვლაში ასევე თქვა, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე გრძელდება რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერილი ჰიბრიდული თავდასხმა.
თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან რიგაში და უსაფრთხების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.
სტოლტენბერგის თქმით, ასევე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
„ეს არის ნატო-ს მხარდაჭერის მტკიცე გზავნილი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.