პოლონეთის პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის შესახებ განახლებულ კანონს ხელი მოაწერა
პოლონეთის პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის შესახებ განახლებულ კანონს ხელი მოაწერა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ჰოლოკოსტის შესახებ განახლებულ კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტი პოლონელების ჰოლოკოსტში მოანაწილეობაში დადანაშაულებას უკანონოდ ცნობს.

ასევე, კანონპროექტი ქვეყანაში არსებული ნაცისტური ბანაკების პოლონურ ბანაკებად მოხსენიებას კრძალავს და ამაზე სანქციებსაც აწესებს – ფულად ჯარიმას, ან, ზოგ შემთხვევებში, სამწლიან პატიმრობას.

ანჯეი დუდას თქმით, „ჰოლოკოსტის“ მოწმეები არ შეიზღუდებიან, მეორე მსოფლიო ომის დროს ცალკეული მცხოვრებლების უღირს საქციელზე ისაუბრონ, თუმცა კანონი პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ ადამიანებს, ვინც პოლონელ ერს ნაცისტების დახმარებაში დაადანაშაულებს.

პოლონეთის სენატმა აღნიშნული კანონი იანვრის ბოლოს დაამტკიცა. კანონმა ისრაელის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთს კანონის გადახედვისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ კანონის ავტორები ისტორიული სიმართლის შეცვლას ცდილობენ.