პოლონეთის პრემიერი - პუტინთან ერთად სამიტის ჩატარება ჯერ ადრეა, რადგან ეს ერთგვარი ჯილდო იქნებოდა მისი აგრესიული პოლიტიკისთვის
პოლონეთის პრემიერი - პუტინთან ერთად სამიტის ჩატარება ჯერ ადრეა, რადგან ეს ერთგვარი ჯილდო იქნებოდა მისი აგრესიული პოლიტიკისთვის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ ახლა ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის ჩატარება რუსეთის პრეზიდენტისთვის ჯილდო იქნებოდა იმ აგრესიული პოლიტიკისთვის, რასაც ვლადიმერ პუტინი მეზობელი ქვეყნების მიმართ აწარმოებს.

მორავეცკის თქმით, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ შეთავაზებული ფორმატით ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ჩატარება ჯერ ძალიან ადრეა, რადგან რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს ამ დრომდე არ ასრულებს.

„მე და ბევრი სხვა ლიდერი, მაგალითად, ბალტიის ქვეყნის ლიდერები ვთვლით, რომ ეს ნაადრევია. დღეს ეს რუსეთის პრეზიდენტისთვის ერთგვარი ჯილდო იქნებოდა მეზობლების წინააღმდეგ აგრესიული და პროვოკაციული პოლიტიკისთვის“, –  განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთის პრემიერის თქმით, თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ სფეროებში , რომლებიც ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ითხოვს და არ მოიცავს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს. პრემიერის თქმით, ასეთი სფეროებია მაგალითად, ჯანდაცვა და კლიმატური ცვლილებები.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მეთაური აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ე.წ. მინსკის შეთანხმებები. ევროკავშირის სამიტის მონაწილეები მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, წარმოადგინონ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომების დაწესების წინადადებამ მათ შორის ეკონომიკური სანქციები.