პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - რუსეთის შესახებ ამჟამინდელი დისკუსია დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასთან
მხოლოდ რუსეთის მიერ მისი მეზობლებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკის შეჩერება შესაძლებელია, იყოს საფუძველი უფრო ფართო დიალოგისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
„უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის შესახებ ამჟამინდელი დისკუსია და მისი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აყვანის მცდელობები დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასთან. ეს არის პოლონეთის პოზიცია. მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი უნდა იყოს შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთი უარს იტყვის თავის აგრესიულ ქმედებებზე სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას მისი მეზობლების წინააღმდეგ. ვითარება ჩვენთვის ნათელია. სიტუაციაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ აგრესიულ ქმედებებს, ჰიბრიდულ თავდასხმებს ჩვენს მეზობლებზე, ჩვენზე, კიბერთავდასხმებს ჩვენს უსაფრთხოებაზე, რთულია, აწარმოო უმაღლესი დონის დიალოგი, როგორც ეს შეთავაზებულია ზოგიერთი ქვეყნის მიერ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
რუსეთთან ურთიერთობები ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის სამიტზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, გერმანია და საფრანგეთი რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ.