პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - ევროპა თავს ვერ მოგვაჩვენებს, თითქოს უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში არაფერი მომხდარა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - ევროპა თავს ვერ მოგვაჩვენებს, თითქოს უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში არაფერი მომხდარა

ევროპა თავს ვერ მოგვაჩვენებს, თითქოს არაფერი მომხდარა უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში, ქვეყნებში, სადაც მოსკოვი სხვადასხვა ხარისხით ჩაერია, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მორავეცკის თქმით, პოლონეთისთვის უსაფრთხოების მთავარი წყარო არის ნატო. პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ემხრობა მშვიდობიან და დემოკრატიულ რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ რუსეთი მშვიდობიანი არ არის და თავის გარშემო საკმაოდ აგრესიულია.

„პრეზიდენტი მაკრონი განსხვავებულ პოზიციაშია, რადგან ის ვერ გრძნობს რუსული დათვის ცხელ სუნთქვას კისერში. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირის სოლიდარობა იმდენად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ევროკავშირის ყველა ლიდერისთვის, რომ უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს რუსეთთან მიმართებაში ევროკაშირის სხვა პარტნიორების რეზერვაციები“, – თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ემანუელ მაკრონმა ჟურნალ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის. რუსეთთან მიმართებაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპამ თავიდან უნდა გახსნას სტრატეგიული დიალოგი რუსეთთან. პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, როდესაც საქმე თავისუფლების და მშვიდობის შენარჩუნებას ეხება, ნატო მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსია და მაკრონის შეკითხვა, ისევ დაიცავენ თუ არა მისი წევრები ერთმანეთს, სახიფათო იყო.