პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ კანონის უზენაესობის საკითხი ევროკავშირის პროპაგანდის ჯოხად იქცა
პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ კანონის უზენაესობის საკითხი ევროკავშირის პროპაგანდის ჯოხად იქცა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კანონის უზენაესობის საკითხი ევროკავშირის პროპაგანდის ჯოხად იქცა.

ამის შესახებ მატეუშ მორავიეცკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის მიღება დაბლოკეს.

აღნიშნული ბიუჯეტის მიღების გარეშე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კორონავირუსის შედეგების აღმოსაფხვრელად განკუთვნილ 700 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებენ.

ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტში სადავო პუნქტი კანონის უზენაესობის დაცვის საკითხს უკავშირდება. კერძოდ, ბრიუსელში გამოდიან ინიციტივით, რომ კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის დაფინანსება შეუწყდეს. ამ წინადადებას პოლონეთსა და უნგრეთში არ ეთანხმებიან.

პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ბრიუსელს სურს, წევრი სახელმწიფოები „ბავშვებივით დასაჯოს“.

„კანონის უზენაესობა და ამ პრინციპის დარღვევა ევროკავშირის ხელში პროპაგანდის ჯოხად იქცა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ პოზიციას. კომუნისტური რეჟიმის დროიდან ვიცით, როგორ იყენებენ პროპაგანდის ასეთ ჯოხს. ევროკავშირი უნდა ეფუძნებოდეს კანონს და მკაფიოდ განსაზღვრულ ლეგალურ ჩარჩოს. ეს არის პრინციპი, რომლისთვისაც პოლონეთიც იბრძვის. ასეთი ლეგალური ჩარჩოს გარეშე, ევროკავშირი წარმოადგენს მექანიზმს, რომელსაც თვითნებური გადაწყვეტილებების მისაღებად, ევროკრატები და დე ფაქტო ევროპული ოლიგარქია იყენებს. ხანდახან ასე იქცევა ზოგიერთი ძლიერი ქვეყანა, რათა სუსტ სახელმწიფოებზე დომინირება შეძლოს. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას.

ევროკავშირის ლიდერები მიიჩნევენ, რომ პოლონეთის პრეტენზიები უსაფუძვლოა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა პოლონეთი და უნგრეთი კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევაში არა ერთხელ დაადანაშაულა.