პოლონეთის პარლამენტმა სადავო სასამართლო რეფორმა დაამტკიცა
პოლონეთის პარლამენტმა სადავო სასამართლო რეფორმა დაამტკიცა

პოლონეთის პარლამენტმა სადავო სასამართლო რეფორმა დაამტკიცა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში რეფორმას მხარი 233-მა დეპუტატმა დაუჭირა, 205 კი, წინააღმდეგი იყო.

ახლა კანონი პოლონეთის სენატში უნდა განიხილონ. პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატას კანონის დაბლოკვა არ შეუძლია, თუმცა მისი ამოქმედების გადადების უფლებამოსილება აქვს.

სადავო რეფორმის მიხედვით, მოსამართლეებს „პოლიტიკურ აქტივობებში“ ჩართვა ეკრძალებათ. ამასთან, მოსამართლეებს, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული მოსამართლეობის კანდიდატების ლეგიტიმურობას, ჯარიმა ან სამსახურიდან გათავისუფლება დაემუქრებათ.

2018 წელს მიღებული კანონის თანახმად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს პოლონეთში პარლამენტის ქვედა პალატა ირჩევს.

პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეფორმის მიზანი სასამართლო სისტემაში კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებაა.  თუმცა ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მთავრობა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ზღუდავს.

მანამდე ევროკავშირმა მოუწოდა პოლონეთის მთავრობას,  სასამართლო რეფორმის დამტკიცებამდე კონსულტაციები ექსპერტებთან გაიარონ, რათა მათ მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყოს.