პოლონეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ლიეტუვასთან ერთად მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის რუსეთის აგრესიისგან სუვალის დერეფნის დასაცავად
პოლონეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ლიეტუვასთან ერთად მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის რუსეთის აგრესიისგან სუვალის დერეფნის დასაცავად

პოლონეთი და ლიეტუვა მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის, ნატო დაიცავს სუვალის დერეფანს რუსეთის აგრესიისგან, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პიოტრ ვავჟიკმა განაცხადა.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტების ვიზიტი სუვალის დერეფნის მიდამოში არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ქვეყნები მზად არიან რუსეთისა და ბელარუსის პირდაპირი აგრესიისთვის.

7 ივლისს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ და ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ სუვალის დერეფანი მოინახულეს, რომელიც რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო ზონად ითვლება. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ასევე შეხვდნენ პოლონეთისა და ლიეტუვის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ლიეტუვა-პოლონეთის საზღვრის ორივე მხარეს. ვავჟიკმა თქვა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო, ეჩვენებინა „არა მხოლოდ ამ რეგიონის ხალხისთვის, არამედ ორივე ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, რომ ეს საკვანძო ტერიტორია უსაფრთხოა“ და რომ აქ არიან არა მხოლოდ პოლონეთისა და ლიეტუვის სამხედროები, არამედ ნატო-ც, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ტერიტორია საჭიროების შემთხვევაში.

ე.წ. სუვალის დერეფანი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის ტერიტორიას ეწოდება. ტერიტორიის დასავლეთით კალინინგრადია, აღმოსავლეთით კი ბელარუსი. დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დერეფანი შეიძლება, გახდეს რუსული არმიის პირველი სამიზნე, თუ ის მაინც გადაწყვეტს ნატო-სთან პირდაპირ დაპირისპირებას.