პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარედგინა
პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილი პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაცით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, ბრალდებული გ.ხ. ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქე ი.კ.-ს და მისი მოკვლა განიზრახა.

„ბრალდებულმა ი.კ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. შემთხვევის ადგილზე მყოფ მოქალაქეთა დახმარებით, გ.ხ.-მ დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, ხოლო გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, პოლონეთის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა გ.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულ გ.ხ.-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი