პოლონეთის მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ გამგზავრებას 11 ნოემბრიდან შეძლებენ
პოლონეთის მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ გამგზავრებას 11 ნოემბრიდან შეძლებენ

პოლონეთის მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ გამგზავრებას 11 ნოემბრიდან, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღიდან შეძლებენ.

როგორც სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ წერს, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დუდამ აღნიშნა, ამერიკულმა მხარემ აცნობა, რომ პოლონეთისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ვაშინგტონში ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება არის კარგი და მნიშვნელოვანი ამბავი, როგორც პოლონეთის 37-მილიონიანი მოსახლეობისთვის, ისე აშშ-ში მცხოვრები 10 მილიონი პოლონელისთვის.

ანჯეი დუდამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა პოლონეთის უვიზო რეჟიმის პროგრამაში ჩასმისთვის.

დუდას განმარტებით, 11 ნოემბრიდან პოლონეთის მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ გამგზავრებას 90 დღემდე ვადით შეძლებენ.