პოლონეთის მმართველმა პარტიამ აბორტის ლიბერალიზაციის კანონპროექტი დაბლოკა
პოლონეთის მმართველმა პარტიამ აბორტის ლიბერალიზაციის კანონპროექტი დაბლოკა

პოლონეთის მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ აბორტის ლიბერალიზების კანონპროექტი დაბლოკა და სანაცვლოდ, ხმის მისაცემად, კანონის გამკაცრებული ვერსია წარადგინა.

დაბლოკილი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად ქალთა უფლებადამცველმა კომისიამ წარადგინა და ის ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში აბორტის ჩატარების ყველა აკრძალვას აუქმებდა.

კანონპროექტი ასევე ემსახურებოდა სექსუალური განათლების ამაღლებასა და კონტრაცეპტივებთან წვდომის გამარტივებას.

მმართველმა პარტიამ, იაროსლავ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, პარლამენტს სანაცვლოდ წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც აბორტის ამკრძალავი კომისიის მიერ იყო ინიცირებული და რომლის მიხედვითაც აბორტის გაკეთება მაშინაც კი დაუშვებელია, როცა ნაყოფი დაზიანებულია.

პოლონეთში აბორტზე ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. 1993 წელს მიღებული კანონით, აბორტი დასაშვებია გაუპატიურების, ინცესტისა და დედის სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში.