პოლონეთის მმართველი პარტია მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის იმუნიტეტის გაუქმებას გეგმავს
პოლონეთის მმართველი პარტია მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის იმუნიტეტის გაუქმებას გეგმავს

პოლონეთის მმართველმა პარტიამ „სამართალმა და სამართლიანობამ“ წინასაარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ მმართველი ძალა მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის იმუნიტეტის გაუქმებას გეგმავს. ამას გარდა, პარტიის ინიციატივით, პარლამენტის წევრების დაკავება შესაძლებელი იქნება გენერალური პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე. პოლონეთში მოქმედი კანონმდებლობით, დეპუტატის დაკავება მხოლოდ სეიმის თანხმობით არის შესაძლებელი.

ამას გარდა, პროგრამა მედიის სფეროს რეგულირებასაც ითვალისწინებს.

„ცვლილებების ძირითადი მიზანი უნდა გახდეს თვითმმართველობის შექმნა, რომელიც იზრუნებს ეთიკურ და პროფესიონალურ სტანდარტებზე, შეასრულებს თვითრეგულირებას და პასუხისმგებელი იქნება სტუდენტი ჟურნალისტების ჩამოყალიბების პროცესზე“, – აღნიშნულია პროგრამაში.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ცვლილებები მედიის თავისუფლების შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

პროგრამა პარტია „სამართლისა და სამართლიანობის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მისი სახელწოდებაა „კეთილდღეობის სახელმწიფოს პოლონური მოდელი“.

წინასწარი გამოკითხვით, პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ წინასაარჩევნო რბოლაში 45 %-ით ლიდერობს.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 13 ოქტომბერს არის დაგეგმილი.