პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა ევროპის ქვეყნებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდეს
პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა ევროპის ქვეყნებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდეს

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმეს და ევროპას მოუწოდეს, გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება.

„ეს არ არის ომი, ეს ტერორიზმია. თუ ვინმე გზავნის ავიაგამანადგურებლებს, სამხედროებს, რათა დაბომბონ საცხოვრებელი სახლები და დახოცონ მშვიდობიანი მოქალაქეები, ეს ომი არაა, ეს სისასტიკე, ბანდიტობა და ტერორიზმია. ეს რუსეთის ფედერაციის მეორე სახეა. ასეთებისთვის ცივილიზებულ სამყაროში ადგილი არ არის”, – განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ.

ოთხი ქვეყნის პრეზიდენტებმა კიევის გარეუბანში არსებული დასახლება ბოროდიანკა მოინახულეს და ჩადენილი სისასტიკისთვის რუსეთის პასუხისგების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

„რუსეთის მიზანი – უკრაინელი ერის განადგურებაა. პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპაში მშვიდობა არ იქნება. რუსეთის ჯარმა აღმოსავლეთით უნდა დაიხიოს, ისე როგორც კიევიდან დაიხიეს“, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა.

თავის მხრივ, ლიეტუვის ლიდერმა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ მომავალზე გაამახვილა ყურადღება.

„მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, უკრაინა ნატო-ში იქნება და ისარგებლებს ამ უძლიერესი ორგანიზაციის შესაძლებლობებით. ეს არის ჩემი ქვეყნის პოზიცია“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.