პოლონეთის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს გამო, დაფინანსების გარეშე დარჩენილი საზოგადოებრივი მაუწყებლობა ლიკვიდაციის რეჟიმში გადავა და მისი რესტრუქტურიზაცია მოხდება
პოლონეთის ახალი ხელისუფლება საზოგადოებრივი მედიის რესტრუქტურიზაციას იწყებს. ამის შესახებ პოლონეთის კულტურის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ბარტოლომეი სენკევიჩმა განაცხადა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან პოლონეთის პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე ვეტოს დადება დაასახელა. აღნიშნული პროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამი მილიარდი ზლოტით დაფინანსებას ითვალისწინებდა.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თავისი ვეტო ასე განმარტა: „არ შეიძლება, დავუშვათ კონსტიტუციისა და დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების უხეში დარღვევა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა უნდა გამოსწორდეს სამართლიანიად და კანონის შესაბამისად“.
როგორც პოლონეთის კულტურის სამინისტროში განმარტეს, პრეზიდენტის ვეტოს გამო, დაფინანსების გარეშე დარჩენილი საზოგადოებრივი მაუწყებლობა გადავა ლიკვიდაციის რეჟიმში და მოხდება მისი რესტრუქტურიზაცია. ამასთან ერთად, კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ ლიკვიდაციის რეჟიმი შეიძლება, შეწყდეს ნებისმიერ დროს.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს პოლონეთის ახალმა კულტურის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელები და დანიშნა ახალი სამეთვალყურეო საბჭო, რომელმაც პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს ახალი ხელმძღვანელები აირჩია.
მანამდე პოლონეთის სეიმმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა კულტურის სამინისტროს, გაბედული ნაბიჯები გადაედგა, რათა „აღდგეს მოქალაქეების წვდომა სანდო ინფორმაციასთან და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა, ობიექტურობა და პლურალიზმი“.
პოლონეთის ყოფილ მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ლიკვიდაციის რეჟიმში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკანონოა და ის სასამართლომ არ უნდა დაადასტუროს.