პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლისას ერაყელი მიგრანტი გარდაიცვალა
პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლისას ერაყელი მიგრანტი გარდაიცვალა

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლისას ერაყელი მიგრანტი გარდაიცვალა. ეს ბოლო კვირის განმავლობაში უკვე მეხუთე ასეთი შემთხვევაა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„წუხელ ბელარუსის საზღვრიდან 500 მეტრში, ერაყიდან იმიგრანტების ჯგუფი დააკავეს. პატრულისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ ძალისხმევის მიუხედავად, ერთ-ერთი მამაკაცი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა“, – ნათქვამია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, სასაზღვრო სამსახურის ცნობით, კიდევ ერთ იმიგრანტს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ჰოსპიტალიზებულია.

მიმდინარე კვირის დასაწყისში პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბელარუსიდან შესვლის შემდეგ პოლონეთის ტერიტორიაზე სამი მიგრანტის გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, მეოთხე პირი კი გარდაცვლილი საზღვრის ბელარუსულ მხარეს იპოვეს. არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ უთქვამს, რა გახდა ოთხი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.

პოლონეთი, ლიეტუვა და ევროკავშირი ბელარუსს ახლო აღმოსავლეთიდან, ძირითადად კი ერაყიდან და ავღანეთიდან ევროკავშირის მიმართულებით მიგრაციის წახალისებაში ადანაშაულებენ. ევროკავშირის ქვეყნები აცხადებენ, რომ ბელარუსი მიგრანტებს ჰიბრიდული ომის იარაღად იყენებს.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, აგვისტოში ბელარუსიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთა 3 500-ჯერ სცადეს. დღეის მონაცემებით კი, სექტემბრის დასაწყისიდან ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლის 5 ათასი მცდელობა დაფიქსირდა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარი მიშელ ბაჩელეტი მოუწოდებს ბელარუსის მეზობელ ქვეყნებს, დაიცვან ადამიანები, რომლების ევროპაში თავშესაფრისკენ მიისწრაფვიან.