პოლონეთის ხელისუფლებამ 800 მოძალადისა და პედოფილის მონაცემები ინტერნეტში გამოაქვეყნა
პოლონეთის ხელისუფლებამ 800 მოძალადისა და პედოფილის მონაცემები ინტერნეტში გამოაქვეყნა

პოლონეთის ხელისუფლებამ 800 მოძალადისა და პედოფილის მონაცემები ინტერნეტში გამოაქვეყნა. როგორც ქვეყნის მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ბავშვების უსაფრთხოებაა, ვიდრე პირთა ანონიმურობის დაცვა.

ამიერიდან მოძალადეთა ვინაობას ნებისმიერი შეიტყობს. მათი პირადი მონაცემები სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დამნაშავეების რეესტრში განთავსდა.

სია ორი ნაწილისგან შედგება – ერთი ღიაა, მეორე კი შეზღუდული. პირველ ნაწილში მოცემულია ძალადობასა და პედოფილიაში ბრალდებული პირების სახელები და მათი ფოტოები. ასევე, ჩამოთვლილია მათი დაბადების ადგილი და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დეტალები.

მეორე ნაწილში განთავსებულ დოკუმენტებში კი მოცემულია მოძალადეთა მისამართები და უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია მათ შესახებ. საინფორმაციო ბაზის ამ ნაწილის ნახვა სამართალდამცველებს და ბავშვების მეურვეობაზე მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლებსაც შეეძლებათ.

„დამნაშავე, რომელიც თავს ესხმის ბავშვს, უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მის ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება. ის მიიღებს მრავალწლიან სასჯელს და დაკარგავს ანონიმურობის უფლებას“, – განაცხადა პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, მსგავსი სია არსებობს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-ში.