პოლონეთის იუსტიციის სამინისტრომ, პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების პროცედურა წამოიწყო
პოლონეთის იუსტიციის სამინისტრომ, პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების პროცედურა წამოიწყო

პოლონეთის იუსტიციის სამინისტრომ, ქვეყნის პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების პროცედურა წამოიწყო. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა, ადამ ბიდნარმა გააკეთა.

მისი თქმით, სხვა გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე მიღებული არ ყოფილა.

პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი პოლიციელებმა 9 იანვარს ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს. კამინსკი და ვონსიკი სასამართლომ 2023 წლის დეკემბერში ხელმეორედ ცნო დამნაშავედ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც ისინი ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობდნენ. მათ ორ-ორი წლით პატიმრობა მიესაჯათ. თავად კამინსკი და ვონსიკი, რომლებიც პოლონეთის ყოფილი მმართველი პარტიის სიით დეპუტატებიც იყვნენ, სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, რადგანაც ისინი მათ საქმეზე პირველი განაჩენის შემდეგ, 2015 წელს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ისინი შეიწყალა.

პრეზიდენტის სასახლეში დაკავების შემდეგ ორივე პოლიტიკოსმა შიმშილობა გამოაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ კამინსკისა და ვონსიკს ხელახლა შეიწყალებს. ამის გამო პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი პრეზიდენტ დუდას ადანაშაულებს, რომ ის მოკავშირეებს ეხმარება მართლმსაჯულებისთვის თავის არიდებაში.

ცნობისთვის, პოლონეთში 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა. იაროსლავ კაჩინსკის კონსერვატიული პარტიის რვაწლიანი მმართველობა დასრულდა და მთავრობაში დონალდ ტუსკის ლიბერალური კოალიცია მივიდა.

ტუსკის ახალი მთავრობა წინა ხელისუფლებას სასამართლოს, მედიის და სახელმწიფო მოხელეთა დამორჩილებაში ადანაშაულებს.