პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, ქვეყნის საკონსტიტუციო ტრიბუნალის ანგარიშები გაყინოს

11:59, 17.11.2026

პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ანგარიშები გაყინოს. პოლონეთის ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ აქვს საფუძველი, შეაჩეროს საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიერ გაცემული საგადახდო დავალებების შესრულება. ბანკი ტრიბუნალს საბანკო მომსახურებას უწევს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში.

პოლონეთის ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადების მიხედვით, დავის საფუძველი 30 ოქტომბერს გაჩნდა, როდესაც მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ შეაჩერა ტრიბუნალის ორი მოსამართლის – ბოგდან შვენჩკოვსკისა და ბარტლომიეი სოხანსკის, უფლებამოსილება. შედეგად ბანკს ორი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტაცია წარუდგინეს იმის თაობაზე, თუ ვის აქვს ტრიბუნალის თანხების განკარგვის უფლება.

„შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ეროვნულ საპატენტო ბიუროს წარედგინა ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტების ნაკრები, რომლებიც ადასტურებენ საკონსტიტუციო ტრიბუნალის ანგარიშებზე შეტანილი თანხების მართვის უფლებამოსილებას“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ტრიბუნალის ხელმძღვანელობის შესახებ დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება ეროვნულ ბანკს არ აქვს. ბანკი აღნიშნავს, რომ „არ არის უფლებამოსილი, გადაჭრას დავა საკონსტიტუციო ტრიბუნალის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით“, მაგრამ მათივე თქმით, საკითხი ფუნდამენტური მნიშვნელობისაა იმის დასადგენად, თუ ვინ არის უფლებამოსილი მართოს საკონსტიტუციო ტრიბუნალის სახსრები.

ცნობისთვის, 2026 წლის 30 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ ტრიბუნალის თავმჯდომარის, ბოგდან შვენჩკოვსკისა და მისი მოადგილის, ბართლომიეი სოხანსკის უფლებამოსილება შეაჩერა. მისი თქმით, ტრიბუნალის ხელმძღვანელობა ახლად არჩეულ მოსამართლეებს სამუშაოს დაწყებას უშლის ხელს.

დავის საგანი ოთხი მოსამართლეა, რომლებიც პარლამენტმა აირჩია. მათ პარლამენტში ფიცი დადეს, მაგრამ პრეზიდენტი ნავროცკი ამბობს, რომ მისი თანდასწრებით ფიცის დადების გარეშე ისინი მოსამართლის უფლებამოსილებას ვერ განახორციელებენ.

30 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისულ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები არ შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო.

მსგავსი