პოლონეთის ელჩი - მივმართავ ქართველ მეგობრებს, მესმის, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ, მაგრამ გააკეთეთ ერთი სიმბოლური ჟესტი, დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში
პოლონეთის ელჩი - მივმართავ ქართველ მეგობრებს, მესმის, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ, მაგრამ გააკეთეთ ერთი სიმბოლური ჟესტი, დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში

მივმართავ ქართველ მეგობრებს, მესმის, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ, მაგრამ გააკეთეთ ერთი სიმბოლური ჟესტი, დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში, – ამის შესახებ ​საქართველოში პოლონეთის ელჩმა, მარიუშ მასკიევიჩმა განაცხადა.

პოლონეთის ელჩმა მონაწილეობა მიიღო რონდელის ფონდის დისკუსიაში თემაზე – „რუსეთის შეჭრა უკრაინაში“, სადაც მაღალი რანგის დიპლომატებმა და ექსპერტებმა რუსული აგრესიის შესაჩერებელ აუცილებელ ზომებზე იმსჯელეს.

„რომელიმე პოლიტიკოსს დასავლეთ ევროპაში ან თუნდაც ჩემს ქვეყანაში, ჯერ კიდევ თუ სჯერა, რომ რუსეთის არგაღიზიანების შემთხვევაში (ვგულისხმობ ნატო-ს გაფართოებას, ევროკავშირის გაფართოებას), ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, მსურს, შევახსენო ყველა ჩვენგანს, რომ 1939 წელს ფინეთს არ გაუღიზიანებია სტალინი. ეს იყო მხოლოდ სტალინი, რომელმაც დაასკვნა, რომ რუსეთის იმპერიის საზღვრები უნდა შეიცვალოს. ვიმედოვნებ, რომ პუტინი მოიტეხავს კბილებს უკრაინაში, ისევე, როგორც სტალინმა ფინეთში.

მსურს, მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს. ერთი შემოთავაზება მაქვს. მე მესმის, რომ თქვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ – პატარა ქვეყანა ხართ უზარმაზარი მეზობლით, რთული ეკონომიკური მდგომარეობით და არ შეგიძლიათ, ხმამაღლა გამოხვიდეთ რუსეთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კარგით, მაგრამ გთხოვთ, გააკეთეთ ერთი სიმბოლური ჟესტი, დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში. გმადლობთ“, – განაცხადა გამოსვლისას მარიუშ მასკიევიჩმა.