პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების განთავსებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების განთავსებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების განთავსებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გერმანულ გაზეთ „ფუნკესთან“ მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა.

მატეუშ მორავეცკის განმარტებით, მოსკოვიდან და პეკინიდან თავისუფალ მსოფლიოს საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ევროპაში ამერიკული რაკეტების განთავსების საკითხი უნდა განიხილოს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთი მოკლე და საშუალო დარიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების პირობებს არ იცავდა, სწორედ ამიტომ მას ნატო-ს შეშფოთება ძალიან კარგად ესმის.

ამასთან ერთად, ინტერვიუს დროს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იარაღის კონტროლთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების შედგენას ემხრობა, თუმცა მასში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ჩინეთიც.

2019 წლის დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში მოკლე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. ვაშინგტონმა მოსკოვს ვითარების გამოსასწორებლად ექვსი თვე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება ოფიციალურად დატოვებით დაიმუქრა. აგვისტოში ექვსთვიანი ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც აშშ-მა იარაღის კონტროლთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეთანხმება დატოვა.