პოლონეთი და ლიეტუვა აცხადებენ, რომ ძალისხმევას მიმართავენ, რათა საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ​ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი მიიღონ
პოლონეთი და ლიეტუვა აცხადებენ, რომ ძალისხმევას მიმართავენ, რათა საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ​ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი მიიღონ

პოლონეთი და ლიეტუვა ძალისხმევას მიმართავენ, რათა 2025 და 2027 წლებში ევროკავშირის საბჭოში მათი თავმჯდომარეობის დროს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, – ამის შესახებ საუბარია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 2021 წლის 26 მარტს პოლონეთის სეიმისა და სენატის და ლიეტუვის სეიმის საპარლამენტო ასამბლეის დისტანციური კრების შემდეგ გაკეთდა.

ასამბლეის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი და ლიეტუვა შეეცდებიან, 2025 და 2027 წლებში ევროკავშირის საბჭოში მათი თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირთან ასოცირებულმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებმა (მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი და ევროკავშირში წევრობის შესახებ დაიწყონ მოლაპარაკებები.

განცხადების მიხედვით, პოლონეთი და ლიეტუვა ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების წარმატებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და ევროპული რუსეთის მშენებლობაში, ნაცვლად, აგრესიული, მტრული, საერთაშორისო ვალდებულებების დამრღვევი და მუდმივად გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამომწვევი რუსეთის ფედერაციისა.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი და ლიეტუვა მკაცრად გმობენ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც, ასამბლეის წევრების აზრით, არ შეესაბამება ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს წევრების ვალდებულებებს, როგორებიცაა ძირითადი თავისუფლებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა, რომლებიც მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, ჰელსინკში ხელმოწერილ დასკვნით აქტსა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტში.

განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ასამბლეა მოუწოდებს პოლონეთისა და ლიეტუვის დელეგაციებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ითანამშრომლონ და მიიღონ საჭირო ზომები რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ნორმების, პრინციპებისა და ვალდებულებების დარღვევის შეფასებისა და დაგმობის მიზნით.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.