პოლონეთი ბენიამინ ნეთანიაჰუს აუშვიცის გათავისუფლების 80 წლისთავზე ჩასვლის საშუალებას მისცემს და ჰააგის სასამართლოს ორდერის მიუხედავად მას არ დააკავებს
პოლონეთი ბენიამინ ნეთანიაჰუს აუშვიცის გათავისუფლების 80 წლისთავზე ჩასვლის საშუალებას მისცემს და ჰააგის სასამართლოს ორდერის მიუხედავად მას არ დააკავებს

პოლონეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელშიც აუშვიც-ბირკენაუს ბანაკის გათავისუფლების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს „თავისუფალი და უსაფრთხო მონაწილეობა“ არის გარანტირებული.

დადგენილების ტექსტი პოლონეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 80 წლისთავის ღონისძიებებში ისრაელის ლიდერების უსაფრთხო მონაწილეობა განიხილება, „როგორც ებრაელი ხალხის პატივისცემა, რომლის მილიონობით წარმომადგენელი მესამე რაიხის მიერ ჩადენილი ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდა“.

„პოლონეთის მთავრობა აცხადებს, რომ უზრუნველყოფს ისრაელის უმაღლესი წარმომადგენლების თავისუფალ და უსაფრთხო მონაწილეობას ამ ღონისძიებებში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა ღაზის სექტორში „სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების“ გამო.

პოლონეთი, როგორც რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია დააკავოს ბენიამინ ნეთანიაჰუ, თუ ის ქვეყანაში ჩავა.