პოლონელმა ფერმერებმა ქვეყნის საზღვართან გამშვები პუნქტები ექვსი მიმართულებით გადაკეტეს
პოლონელმა ფერმერებმა ქვეყნის საზღვართან გამშვები პუნქტები ექვსი მიმართულებით გადაკეტეს

პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პოლონელმა ფერმერებმა ქვეყნის საზღვართან გამშვები პუნქტები ექვსი მიმართულებით გადაკეტეს. სამი ათასზე მეტი სატვირთო მანქანა ამ დრომდე რიგში დგას.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე დიდი რიგი „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზეა, სადაც 1 600 სატვირთო მანქანაა გაჩერებული.

ამასთან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რიგები თანდათან იზრდება, საზღვრის კვეთის შემთხვევების რაოდენობა კი მცირეა, კერძოდ, იაგოდინის გამშვებ პუნქტზე ორივე მიმართულებით საზღვარი 145-მა სატვირთომ გადაკვეთა.

მანამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პოლონელ კოლეგასთან, დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბარში საზღვარზე არსებული სიტუაცია განიხილა.

როგორც პოლონური მხარე განმარტავს, უკრაინასთან მოლაპარაკებები სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტის ექსპორტის პირობებთან დაკავშირებით დასკვნით ეტაპზეა.

პოლონელი ფერმერები უკრაინიდან საქონლის იმპორტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტით ყველაზე მეტად პოლონელი ფერმერები დაზარალდნენ.