პოლონელი ტურისტი, რომელიც თბილისში 5 ივლისს დაჭრეს, კლინიკიდან გაეწერა - ვფიქრობ, ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი
პოლონელი ტურისტი, რომელიც თბილისში 5 ივლისს დაჭრეს, კლინიკიდან გაეწერა - ვფიქრობ, ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი

პოლონელი მოგზაური იაცეკ კოლანკიევიჩი, რომელიც ხეთაგუროვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს 5 ივლისს დაიჭრა, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან გაეწერა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პოლონელი ტურისტი სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის. ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახლადგახსნილი სასტუმრო „ბიოგრაფი“ პოლონელ ტურისტს სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს.

„საქართველოში პირველად ჩამოვედი, Youtube-ზე არხი მაქვს და ბევრი რამის გადაღება მინდოდა, რომ პოლონეთში საქართველო მეჩვენებინა. შემდეგ ეს მოხდა. ვფიქრობ, ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი. ბევრი მიკავშირდებოდა, ეკითხებოდნენ ექიმს ჩემს მდგომარეობას და თანადგომას მიცხადებდნენ და ვფიქრობ, სწორედ ეს ხალხია საქართველო. დღეს უკვე კარგად ვარ“, – აცხადებს პოლონელი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩი.