პოლონელი ფერმერები პროტესტის ნიშნად ქალაქ შჩეცინის ცენტრში ტრაქტორებით გამოჩნდნენ
პოლონელი ფერმერები პროტესტის ნიშნად ტრაქტორებით შჩეცინის ცენტრში გამოჩნდნენ. ისინი ევროკავშირის აგრარულ პოლიტიკას, მათ შორის, მერკოსურის ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებენ.
ტრაქტორების კოლონამ, დროშებითა და ფერმერების სხვა სიმბოლოებით, ქალაქის ცენტრი დაახლოებით ორ საათში გაიარა.
„ქალაქში მოძრავ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თან ახლდნენ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ზრუნავდნენ ყველა შემხვედრი მგზავრის უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფდნენ გზაჯვარედინებზე გადაადგილებას“, – განაცხადა შჩეცინის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ანა გემბალამ.
სოციალურ მედიაში პროტესტის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ისინი ქუჩებში ისევ გამოდიან „მწვანე შეთანხმების“ – სოფლის მეურნეობისთვის ევროკავშირის „მწვანე“ სტრატეგიის – სრული გაუქმების მოთხოვნით.
ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან მერკოსურთან ევროკავშირის მიერ დაგეგმილ სავაჭრო შეთანხმებას.