პოლონელი ექსპერტები აცხადებენ, რომ გასული წლის ნოემბერში პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას ეკუთვნოდა
მედიის ინფორმაციით, პოლონელი ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გასული წლის ნოემბერში პოლონეთის სოფელ პშევოდუვში უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა ჩავარდა.
სარაკეტო ინციდენტს მაშინ ორი ადამიანი ემსხვერპლა. პოლონელი ექსპერტები აცხადებენ, რომ რაკეტა უკრაინელმა მეზენიტეებმა გაუშვეს. როგორც პოლონური მედია წერს, ხანგრძლივი გამოძიების დროს უკრაინულმა მხარემ „არასაკმარისი თანამშრომლობა“ აჩვენა, თუმცა პოლონელი გამომძიებლები დამოუკიდებლად მივიდნენ დასკვნამდე, თუ რამ გამოიწვია ტრაგიკული ინციდენტი სასაზღვრო სოფელში.
პოლონეთის პროკურატურის წარმომადგენელმა, ლუკაშ ლაპჩინსკიმ დაადასტურა, რომ მათ ნამდვილად მიიღეს ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა აღნიშნა, რომ კონფიდენციალურობის გამო შინაარსის გამჟღავნება არ შეუძლია.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს იყო რუსეთში წარმოებული S-300 5V55 სერიის სისტემის რაკეტა. მედიის ცნობით, ინციდენტის დროს რუსეთი უკრაინულ ქალაქებს ბომბავდა. სამიზნის ჩამოსაგდებად ორი რაკეტა იყო გასროლილი, მათგან ერთი სამიზნეს მოხვდა, მეორემ კი ფრენა განაგრძო.