პოლონელი და ლიეტუველი ევროპარლამენტარები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პოლონელი ევროპარლამენტარი მიხაუ ვავრიკევიჩი და ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია „ცვლილებისთვის“, კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა.
ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასის თქმით, ოპოზიციასთან შეხვედრისას განხილული იქნა ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის გზები.
„განვიხილეთ ურთიერთქმედების შესაძლო გზები, გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს დემოკრატიული ძალების მიმართ. ასევე სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, მოქმედი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. რა თქმა უნდა, ბევრი საკითხია განსახილველი, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მომავალში. მე ვფიქრობ, გარდაუვალ გადაწყვეტილებაზე ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი, რომელიც უნდა იყოს რეალური საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. რა თქმა უნდა, საარჩევნო პრინციპების ევროპულ სტანდარტებს. ევროკავშირის სანქციებს გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, ამის მიღწევა შესაძლებელია, განსაკუთრებით აშშ-ის მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ“, – განაცხადა დაინიუს ჟალიმასმა.
პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მიხაუ ვავრიკევიჩმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერენ ოპოზიციის განცხადებას თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ და ამასთან, მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ სწრაფვაში, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ სამყაროში გაწევრიანების მისწრაფებაში. კარგად ვიცით, რომ არჩევნები მოიპარეს, რომ არჩევნები ჩატარდა რუსეთის გავლენის ქვეშ. აქ, საქართველოში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციას და ოპოზიციის განცხადებას, რომ მომავალში ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს. ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ არა მხოლოდ ევროპარლამენტის ხედვა და რეზოლუცია, არამედ გამოვხატოთ ჩვენი პირადი შეხედულებებიც. ჩვენ ვართ იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც კარგად ესმით რუსეთის გავლენა და ის მეთოდები, რომლებსაც ისინი იყენებენ. ამიტომაც ვართ აქ, რათა მხარი დაუჭიროთ მთელ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა ვავრიკევიჩმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნებოდა თუ არა შეთანხმება ბიძინა ივანიშვილის მიმართ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებაზე, ვავრიკევიჩმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ აქვს.
„ჯერჯერობით არ ვიცით, როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს ეხება ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებას, არა მხოლოდ ევროპარლამენტის, არამედ კომისიის და საბჭოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, რადგან სრულად ვუჭერთ მხარს ამერიკის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვესმის ეს ძალიან მკაფიო სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს. ბიძინა ივანიშვილი კავშირშია რუსეთში ავტორიტარულ რეჟიმთან, რომელიც კვლავ ცდილობს ამ ქვეყნის სრულად კონტროლს“, – აღნიშნა მიხაუ ვავრიკევიჩმა.