„პოლიტოკო“ – შვეიცარიაში ჩატარდება რეფერენდუმი, რომლითაც, შესაძლოა, ქვეყნისთვის შეუძლებელი გახდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, თუ ეს სანქციები გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ არ იქნება დამტკიცებული
27 სექტემბერს შვეიცარიელი ამომრჩეველი რეფერენდუმით გადაწყვეტს, უნდა ჩაიწეროს თუ არა ქვეყნის საუკუნოვანი ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი განმარტება კონსტიტუციაში.
როგორც „პოლიტოკო“ წერს, ამომრჩეველთა უმეტესობა თუ რეფერენდუმში ხმას „დიახ“-ს მისცემს, შვეიცარიისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, თუ ისინი არ იქნება დამტკიცებული გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ, სადაც მოსკოვს ვეტოს უფლება აქვს.
ამასთან, ეს ასევე შეუძლებელს გახდის სამხედრო თანამშრომლობას ისეთ ალიანსთან, როგორიცაა ნატო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თავად შვეიცარიას დაესხმებიან თავს ან მას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება.
„ამჟამად მთავრობას აქვს გარკვეული მანევრირების სივრცე და ის მას იყენებს. ამ რეფერენდუმზე კითხვა ისმის, თვლის თუ არა ხალხი ამას კარგ რამედ, თუ უნდა დადგინდეს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით უფრო მკაცრი საზღვრები“, – აღნიშნა ბერნის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის პროფესორმა, ფაბიო ვასერფალენმა.
მედიის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შვეიცარიის ეს მოქნილი პოლიტიკა ზეწოლის ქვეშ მოექცა. 2022 წლის თებერვლიდან შვეიცარიის მთავრობამ ძირითადად გაიმეორა ევროკავშირის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, რამაც ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ინტერპრეტაციის მომხრეებში უკმაყოფილება გამოიწვია.
ამ თვეში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ შვეიცარიელი ამომრჩევლების თითქმის ორი მესამედი ეწინააღმდეგება ნეიტრალური სტატუსის უფრო მკაცრად განსაზღვრის ინიციატივას.