„პოლიტიკო“ - ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის კომუნიკაციების გაუმჭვირვალობის გამო აკრიტიკებენ
ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის კომუნიკციების გაუმჭვირვალობის გამო, ევროკომისიის თანამშრომლები, ლობისტები, ექპერტები და ჟურნალისტები აკრიტიკებენ. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
„პოლიტიკოსთან“ საუბარში ევროკომისიის თანამშრომლები, რომელთა ვინაობასაც გამოცემა არ ასაჯაროებს აცხადებენ, რომ კომუნიკაციების არსებული სტრუქტურა სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს და საჭიროა ახალი ძლიერი დანაყოფის შექმნა.
„ჩვენ ვართ ევროპის აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგრამ გვაქვს კომუნიკაციების სამსახური, რომელიც არ აკმაყოფილებს არცერთი ქვეყნის სტანდარტს პრესასთან მუშაობის თვალსაზრისით“, – განუცხადა პოლიტიკოს ანონიმურმა წყარომ.
ანონიმური წყაროს თქმით, ევროკომისიას აქვს გამჭვირვალობის პრობლემები, რადგანაც ჟურნალისტები ვერ ასრულებენ თავიანთ სამუშაოს.
როგორც მედია წერს, კრიტიკის ობიექტი გახდა ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია მედიასთან კომუნიკაციაზე. ამ სამსახურს 80 თანამშრომელი ჰყავს, რომელთა შორისაც ევროკომისიის 12 ოფიციალური წარმომადგენელია. ეს სამსახური უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა დონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაშია.
„ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვამბობთ, რომ ევროკომისია მხოლოდ გაფილტრულ პრესრელიზებს გვაწვდის და ჩვენ არ გვაქვს წვდომა რეალურ ინფორმაციასთან, იურიდიულ დოკუმენტებთან. ასევე ევროკომისია ხშირად დროულად არ გვაწვდის ინფორმაციას“, – განაცხადა პრესის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, დევიდ ან იაგომ „პოლიტიკოსთან“ საუბარში.
კომუნიკაციების კუთხით არსებული პრობლემების ერთ-ერთ მაგალითად სახელდება ევროკომისარ ტერეზა რიბეირასთან დაკავშირებული შემთხვევა, როდესაც მან არ გამართა პრესკონფერენცია ჟურნალისტებთან ამერიკული კომპანია „გუგლის“ წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
ჟურნალისტებმა ასევე უკმაყოფილება გამოხატეს, რომ ევროკომისიის სპიკერებმა არაერთგვაროვანი და ბუნდოვანი პასუხი გასცეს კითხვას, მიიჩნევს თუ არა ევროკავშირის ხელმძღვანელობა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავის ნავიგაციის თანამგზავრული სისტემა რუსეთმა ჩაახშო.
გარდა ამისა, ივლისში როდესაც ევროკომისიამ ევროკავშირის მომდევნო 7 წლის ბიუჯეტი წარადგინა , პრესის საერთაშორისო ასოციაციამ ბრიუსელი „მანიპულაციისა და ჟურნალისტების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში“ დაადანაშაულა, რადგანაც ევროკომისიამ PR-კონტენტი გაავრცელა, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელი იყო.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი 6-9 ოქტომბერს გამართავს დებატებს, შემდეგ კი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს. მსგავსი შემთხვევა 10 ივლისსაც მოხდა, როდესაც ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი რუმინელმა ულტრამემარჯვენეებმა დააყენს, თუმცა მათმა ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ დააგროვა და ევროკომისიის პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.