„პოლიტიკო“ - ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის კრიტიკოსებს „შეთქმულების თეორეტიკოსები“, „ვაქცინის მოწინააღმდეგეები“ და „პუტინის მხარდამჭერები“ უწოდა
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში უნდობლობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა „ფაიზერგეითის“ სკანდალსა და მასთან დაკავშირებული კრიტიკის შესახებ.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, მან კრიტიკოსები „შეთქმულების თეორეტიკოსებად“, „ვაქცინის მოწინააღმდეგეებად“ და „პუტინის მხარდამჭერებად“ მოიხსენია.
75 ევროპარლამენტარი, რომლებმაც ხელი მოაწერეს ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის ჩატარების ინიციატივას, ადანაშაულებს მას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არარსებობაში. ისინი აკრიტიკებენ ევროკომისიის პრეზიდენტს იმის გამო, რომ მან, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, არ გაასაჯაროვა ფარმაცევტული კომპანიის, „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორთან პირადი მიმოწერა, რომელიც მას Covid-19 პანდემიის დროს ვაქცინების შესყიდვის მრავალმილიარდიანი გარიგების წინ ჰქონდა.
გარდა ამისა, კანონმდებლები, რომელთა ძირითადი ნაწილი ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტი ევროპარლამენტარია, ადანაშაულებენ ურსულა ფონ დერ ლაიენს გერმანიისა და რუმინეთის არჩევნებში ჩარევაში. უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის დანიშვნის ინიციატორის, ულტრამემარჯვენე რუმინელი ევროპარლამენტარის, გეორგე პიპერეას განცხადებით, „ევროკომისიის პრეზიდენტის ხელში გადაწყვეტილებათა არადემოკრატიული კონცენტრაცია იწვევს ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაზე შეშფოთებას“.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში დღევანდელ მოსმენაზე განაცხადა: „არავისთვისაა საიდუმლო, რომ კონტაქტზე ვიყავი ვაქცინის მწარმოებლებთან, ბრალდება, რომ წევრმა სახელმწიფოებმა არაფერი იცოდნენ კონტრაქტის, ფასის შესახებ, არის ტყუილი“.
ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხზე კენჭისყრა ხუთშაბათს გაიმართება.