„პოლიტიკო“ - ურსულა ფონ დერ ლაიენმა რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის დროს დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა
„პოლიტიკო“ - ურსულა ფონ დერ ლაიენმა რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის დროს დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 26 აპრილს, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც ევროკომისიის პრესმდივანი აღნიშნავს, ურსულა ფონ დერ ლაიენი ისარგებლებს ნებისმიერი შესაძლებლობით, გაესაუბროს მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც პონტიფიკოსის დაკრძალვის ცერემონიალზე მთელი მსოფლიოდან მოიყრიან თავს.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტი მას ოფიციალურად არ შეხვედრია.

ცნობისთვის, დაკრძალვის ცერემონია შაბათს, დილით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. რომის პაპის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ვატიკანმა ინსულტი დაასახელა. ფრანცისკე იქნება პირველი პაპი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.