„პოლიტიკო”- უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განხილვა შეაფერხა

22:47, 23.06.2026

უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განხილვა შეაფერხა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, უნგრეთმა შეაჩერა მნიშვნელოვანი პროცედურული ნაბიჯი, რომელიც საჭირო იყო უკრაინაისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების წინ წასაწევად.

„პოლიტიკო” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბუდაპეშტმა წინააღმდეგობა გაუწია ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით მომზადებული ერთობლივი წერილის გაგზავნას. გამოცემის ცნობით, ეს წერილი ევროკავშირის ქვეყნების საერთო პოზიციას ასახავდა და მისი მიღება 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას მოითხოვს. დიპლომატების თქმით, უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ ნაბიჯს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულ საკითხს მომავალ კვირას კვლავ განიხილავენ.

როგორც „პოლიტიკო” წერს, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მთავრობას უკრაინისთვის მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის ხელი არ შეუშლია, ბუდაპეშტმა ბრიუსელში გასულ კვირას გამართული ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული ფრაზის – „რაც შეიძლება მალე“ – ამოღება მოითხოვა. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, უნგრეთის პოზიცია აჩვენებს, რომ ქვეყანა არ უჭერს მხარს პროცესის დაჩქარებას.

მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების ყველა ეტაპის სწრაფად გახსნას არ ეთანხმება.

„სულ ექვსი ბლოკია და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მათი ერთდროულად გახსნა კარგი იდეაა – ნაწილობრივ იმიტომ, რომ პირველ ბლოკზე ჯერ მელანიც კი არ არის გამშრალი, და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ეს არასწორ გზავნილს გაუგზავნის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს – სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას, რომლებმაც წლები დახარჯეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა მადიარმა.

მსგავსი