„პოლიტიკო“ – უნგრეთის ხელისუფლებიდან ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე დაპირისპირებამ ევროკავშირის ქვეყნების „წითელი ხაზები“ გამოააშკარავა
„პოლიტიკოს“ ცნობით, ვიქტორ ორბანის უნგრეთის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე დაპირისპირებამ ევროკავშირის ქვეყნების „წითელი ხაზები“ გამოააშკარავა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, „ბუდაპეშტი აღარ უზრუნველყოფს დაბრკოლებების დაფარვას და ახლა ევროკავშირის მთავრობებს საკუთარი პოზიციების ღიად დაცვა უწევთ, როცა საქმე რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ ზომებს ეხება“.
გამოცემის ცნობით, დღეს ევროკავშირის ელჩები კიდევ ერთხელ შეეცდებიან, საბოლოოდ შეათანხმონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც პირველია მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა უკვე შეარბილეს ან საერთოდ ამოიღეს რამდენიმე საკვანძო ზომა, რათა დაეცვათ საკუთარი ინტერესები ენერგეტიკის, თევზის გადამუშავების, საბანკო და საზღვაო სექტორებში.
„წლების განმავლობაში ორბანი არაერთხელ იმუქრებოდა სანქციების დაბლოკვით, რაც სხვა ევროპულ დედაქალაქებს შესაძლებლობას აძლევდა, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიმართ ფარულად გამოსულიყვნენ“, – წერს „პოლიტიკო“.
სტატიის მიხედვით, „ახლა ამ ქვეყნებს საკუთარი წინააღმდეგობების ღიად დაცვა უწევთ“.
„პოლიტიკოს“ ცნობით, მიუხედავად ამისა, შეთანხმება კვლავ მოსალოდნელია, თუმცა ელჩებს საბოლოო თანხმობის მისაღწევად, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დათმობაზე წასვლა დასჭირდეთ. ამასთან, სანქციების პაკეტზე მომუშავე შვიდმა წყარომ განაცხადა, რომ რამდენიმე ზომა უკვე შესუსტდა ან საერთოდ ამოიღეს პაკეტიდან.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, დიპლომატები ამბობენ, რომ ევროკავშირს მარტივი სამიზნეები თითქმის აღარ დარჩა და სანქციები სულ უფრო ხშირად ეჯახება ცალკეული ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს.
სტატიის მიხედვით, საბერძნეთი ამ დრომდე უარს ამბობს სანქციების 21-ე პაკეტის მხარდაჭერაზე, რადგან მასში გათვალისწინებულია აკრძალვა ევროკავშირის იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც რუსული თხევადი ბუნებრივი აირი მესამე ქვეყნებში გადააქვთ.
მედიის ცნობით, ათენი აკონტროლებს მსოფლიოში უდიდეს სავაჭრო ფლოტს და შეშფოთებულია იმ გავლენით, რომელიც ამ ზომას შეიძლება ჰქონდეს ბერძნულ კომპანიაზე, რომელიც რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტისთვის საჭირო ყინულმჭრელ ტანკერებს მართავს.
ამასთან, საბერძნეთის ელჩმა უკვე განაცხადა, რომ ამ ზომამ, შესაძლოა, გემებს უბიძგოს დროშის შეცვლისა და ისეთ იურისდიქციებში გადასვლისკენ, სადაც წესების აღსრულება კიდევ უფრო რთული იქნება. საბერძნეთთან ერთად, მალტასა და კვიპროსსაც ჰქონდათ გარკვეული ყოყმანი რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის ექვსთვიანი გაგრძელების საკითხზე.
„პოლიტიკოს“ ცნობით, მოლაპარაკებები ასევე გაართულა ავსტრიის ჩარევამ, რომელიც Raiffeisen Bank-ის ინტერესების დაცვას ცდილობს. ეს ავსტრიაში სიდიდით მეორე ბანკია.
„Raiffeisen Bank-ი, დიდი ხანია, ითხოვს კომპენსაციას რუსეთში საკუთარი აქტივების უკანონო ექსპროპრიაციისთვის. საუბარია 2,44 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებზე, რომლებიც რუსი ოლიგარქის გაყინული სახსრების გადაცემის გზით ჩამოერთვა. ვენამ ეს საკითხი სანქციების წინა პაკეტების განხილვის დროსაც დააყენა, თუმცა, მოლაპარაკებებში ჩართული პირების თქმით, პირველად მოხდა, რომ ამ საკითხმა საბოლოო ეტაპზე დაბრკოლება შექმნა. ევროკომისიამ ავსტრიას შესთავაზა, საკითხი სანქციების ერთ-ერთ მომავალ პაკეტში განიხილოს“, – აღნიშნულია სტატიაში.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა მოახერხეს სანქციების პაკეტიდან რუსული თევზის იმპორტის ეტაპობრივი შეზღუდვის ამოღება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ამ გზით ევროკავშირის ბაზრიდან წელიწადში ნახევარ მილიარდ ევროზე მეტ შემოსავალს იღებს.
ამასთან, „პოლიტიკო“ წერს, რომ წინა პროექტებში ასევე შედიოდა სანქციები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილის წინააღმდეგ და შეზღუდვები რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრების მიმართ. ბულგარეთი პატრიარქ კირილის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ეწინააღმდეგებოდა. ამ საკითხზე იტალიამაც ოფიციალურად გამოთქვა წინააღმდეგობა, რადგან, როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, ვატიკანი ეწინააღმდეგებოდა სხვა ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს.
საფრანგეთი და იტალია, ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებზე დიდი რაოდენობით ვიზებს გასცემენ, ასევე ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის ყოფილი სამხედროების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას. მათ განაცხადეს, რომ არ არსებობდა საკმარისად გამართული სისტემა იმის დასადგენად, ვის უნდა დაწესებოდა შეზღუდვები. შედეგად, ეს ზომები მნიშვნელოვნად შესუსტდა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, მიუხედავად მნიშვნელოვანი გამონაკლისებისა, სანქციების პაკეტი მაინც ითვალისწინებს ათობით დამატებითი რუსული ბანკის გათიშვას დასავლური SWIFT-ის სისტემიდან. ასევე, 250-ზე მეტ ადამიანს ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალება.
ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ წერს, სანქციებთან დაკავშირებულმა დათმობებმა გააქარწყლა იმედი, რომ ორბანის წასვლის შემდეგ მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება მნიშვნელოვნად გამარტივდებოდა“.