„პოლიტიკო“ - უკრაინის გაწევრიანების შესახებ განაცხადის უფრო დეტალურად შესწავლის მიზნით, ევროკომისიამ შესაძლოა, წევრობის კანდიდატი ქვეყნების შეფასების ანგარიშის გამოქვეყნება გადადოს
„პოლიტიკო“ - უკრაინის გაწევრიანების შესახებ განაცხადის უფრო დეტალურად შესწავლის მიზნით, ევროკომისიამ შესაძლოა, წევრობის კანდიდატი ქვეყნების შეფასების ანგარიშის გამოქვეყნება გადადოს

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიამ შესაძლოა, გადადოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პროგრესის შეფასების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რაც წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.

როგორც გავლენიანი გამოცემა ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, დოკუმენტის გამოქვეყნების გადადება „უკრაინის გაწევრიანების შესახებ განაცხადის უფრო დეტალურ შესწავლას უკავშირდება“.

„ჩვენ გვსურს უკრაინას პოზიტიური სიგნალი მივცეთ, მაგრამ უკრაინის მთავრობის ისეთი წინადადებები, როგორიცაა მაგალითისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის უფლებამოსილების გაზრდა კორუფციასთან საბრძოლველად შესაძლოა, არასწორი გზავნილი იყოს“, – აცხადებს ევროპელი დიპლომატი.

ამასთან, მისივე თქმით, უკრაინა „ძალიან კორუმპირებული ქვეყანა იყო“.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირში უკმაყოფილებას იწვევს ზელენსკის წინადადება, რომლითაც ომის პერიოდში კორუფცია სამშობლოს ღალატს უნდა გაუთანაბრდეს. ევროკავშირის მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაში კორუფციული საქმეების განხილვა ანტიკორუფციული სააგენტოს ნაცვლად, უსაფრთხოების სამსახურს დაევალება, რომელიც თავის მხრივ პრეზიდენტს ექვემდებარება.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, თუ ეს ინიციატივა განხორციელდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს შეეძლება, „დაასამაროს“ ის კორუფციული საქმეები, რომლებშიც მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

როგორც ცნობილია, ევროკომისია ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოების უკრაინის, მოლდოვის და ბალკანეთის ქვეყნების მიერ შესრულებული რეფორმების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას წლის ბოლომდე გეგმავს.