„პოლიტიკო“ - უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის წლისთავის წინ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ვერ შეათანხმა
„პოლიტიკო“ - უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის წლისთავის წინ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ვერ შეათანხმა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავის წინ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ვერ შეათანხმა. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ევროპელმა დიპლომატებმა სანქციების მეათე პაკეტის თითქმის ყველა პუნქტი შეათანხმეს, თუმცა პოლონეთი წინააღმდეგი იყო სინთეტიკური კაუჩუკის იმპორტზე შეთავაზებული შეზღუდვებით, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი არასაკმარისად მკაცრია.

„ჩვენ არ ვბლოკავთ სანქციებს. ჩვენ, უბრალოდ, გვსურს, რომ სანქციებს ჰქონდეს აზრი“, – ციტირებს „პოლიტიკო“ პოლონელ მაღალჩინოსანს, რომელიც გამოცემას ანონიმურად ესაუბრა.

პოლონეთის წინააღმდეგობა ეხება რუსეთის სინთეტიკური კაუჩუკის იმპორტს. ზოგიერთი ქვეყანა იმპორტის სრულ აკრძალვას ითხოვს, თუმცა ევროკომისიის შეთავაზება ითვალისწინებს კაუჩუკის იმპორტზე კვოტების დაწესებას, 560 ათასი მეტრული ტონის დონეზე. პოლონელი მაღალჩინოსანი „პოლიტიკოსთან“ აცხადებს, რომ შეთავაზებული კვოტა ამჟამინდელ იმპორტს აღემატება.

მედიასაშუალების ცნობით, სავაჭრო მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთიდან სინთეტიკური კაუჩუკის იმპორტს ბოლო ათწლეულის განმავლობაში აღნიშნული კვოტისთვის არ გადაუჭარბებია.

სანქციების შესათანხმებლად ევროკავშირის ელჩები დღეს დილიდან კვლავ შეიკრიბებიან.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სანქციების მეათე პაკეტს ევროკავშირი 24 თებერვლამდე მიიღებდა.