„პოლიტიკო“ – უკრაინა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ცდილობს, თუმცა „პეტრიოტის“ დეფიციტისა და მათ შესაძენად საჭირო ფინანსების ნაკლებობის პრობლემის წინაშე დგას

11:18, 04.09.2026

უკრაინას „პეტრიოტის“ მარაგი თითქმის ამოეწურა და ეს გადარჩენის საკითხია. უკრაინაში შიშობენ, რომ მოსკოვი ზამთარში სარაკეტო იერიშებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინა ზამთრის მოახლოების ფონზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ცდილობს, თუმცა ერთდროულად ორი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას: „პეტრიოტის“ რაკეტების დეფიციტისა და მათ შესაძენად საჭირო ფინანსების ნაკლებობის.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ამერიკული „პეტრიოტის“ სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მიმართულებით. ქვეყნები, რომლებსაც PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტების მარაგები აქვთ, მათ შორის საბერძნეთი, ესპანეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა, უკრაინისთვის მათი გადაცემისგან თავს იკავებენ და საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობებისთვის მარაგების შენარჩუნებას ცდილობენ.

უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებით, კიევის „პეტრიოტის“ რაკეტების მარაგი ფაქტობრივად ნულამდეა შემცირებული. ამჟამად ასეთი საბრძოლო მასალის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ PURL-ის პროგრამა რჩება, რომლის ფარგლებშიც მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკულ შეიარაღებას ყიდულობენ.

სამხედრო ექსპერტის, დმიტრი ჟმაილოს ინფორმაციით, PURL-ის საშუალებით უკრაინა თვეში დაახლოებით 10-20 „პეტრიოტის“ რაკეტას იღებს. ეს რაოდენობა რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმების ფონზე საკმარისი არ არის, რადგან მხოლოდ ივლისში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 195 რაკეტა გაუშვა. ამასთან, მოდერნიზებულ რეაქტიულ „შაჰედებს“ უფრო მაღალი სიჩქარითა და დაბალ სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ, რაც მათ მოგერიებას ართულებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზამთარში უკრაინას დაახლოებით „პეტრიოტის“ 300 რაკეტა სჭირდება, თუმცა კიევის საჭიროებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. უკრაინა ასევე დაინტერესებულია AMRAAM-ის, IRIS-T-ისა და AIM-9X-ის ტიპის რაკეტებით, ასევე HAWK-ის სისტემებით, რომლებიც შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს ახალი ტიპის რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ.

როგორც გამოცემა იუწყება, საჭირო საბრძოლო მასალის არსებობის შემთხვევაშიც კი, კიევი დაფინანსების პრობლემას აწყდება. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტში წელს, შესაძლოა, დაახლოებით 23 მილიარდი ევროს ოდენობის დეფიციტი წარმოიქმნას.

უკრაინის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ ზამთრის მოახლოების წინ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით დიდ შეშფოთებას იწვევს რუსეთის განცხადებები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი მასშტაბური დარტყმების მომზადების შესახებ.

მსგავსი