„პოლიტიკო“ – უკრაინა ევროკავშირს სანქციების სიაში ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სხვა ოლიგარქებით ჩანაცვლებას სთავაზობს
უკრაინა ევროკავშირს სანქციების სიაში ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სხვა ოლიგარქებით ჩანაცვლებას სთავაზობს. ამის შესახებ „პოლიტიკოს“ უკრაინის პრეზიდენტის სანქციების პოლიტიკის კომისარმა, ვლადისლავ ვლასიუკმა განუცხადა.
მედიის ცნობით, ეს ოლიგარქები არიან ვლადიმერ ლისინი და ვლადიმერ პოტანინი, რომლებიც ლითონისა და ნიკელის ინდუსტრიის მსხვილ კომპანიებს აკონტროლებენ და რუსეთის სამხედრო ეკონომიკას სარგებლის მოტანაში ეხმარებიან.
„ყველამ იცის ამ ადამიანების შესახებ, მაგრამ ისინი თავს არიდებენ მათ წინააღმდეგ რაიმე ქმედების განხორციელებას. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა გამოჩნდა ბერკეტები ამ საკითხის წინ წასაწევად“, – განაცხადა ვლასიუკმა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ლისინის მფლობელობაში მყოფი NLMK ბელგიის ვალონიის რეგიონში ლითონის გადამამუშავებელ საწარმოებს მართავს. კომპანიას ასევე აქვს საწარმოო ობიექტები საფრანგეთში, იტალიასა და დანიაში.
რაც შეეხება პოტანინს, ის რუსი მეწარმე და მილიარდერია, რომელიც ნიკელისა და პალადიმის წარმოებაშია ჩართული.
ცნობისთვის, 22 სექტემბერს ევროკავშირმა ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი რუსეთის სასანქციო სიიდან ამოიღო. უსმანოვის სიიდან ამოღებას საფრანგეთი ითხოვდა, რაც პარიზს აზერბაიჯანის ციხიდან საფრანგეთის ორი მოქალაქის გასათავისუფლებად სჭირდება. მიხაილ ფრიდმანის სიიდან ამოღებას კი სლოვაკეთი მოითხოვდა.