„პოლიტიკო” – სომხეთსა და აზერბაიჯანთან ნატო-ს თანამშრომლობის გაღრმავების მცდელობა საფრანგეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირების გამო ფერხდება
სომხეთსა და აზერბაიჯანთან ნატო-ს თანამშრომლობის გაღრმავების მცდელობა საფრანგეთსა და თურქეთს შორის არსებული დაპირისპირების გამო ფერხდება, – ამის შესახებ „პოლიტიკო” წერს.
ნატო-ს სამი დიპლომატის ინფორმაციით, საფრანგეთმა უარი თქვა ბაქოსთან პარტნიორობის ახალი სქემის დამტკიცებაზე, რის მთავარ მიზეზადაც საფრანგეთის მოქალაქის დაპატიმრება დაასახელა. ამის საპასუხოდ, თურქეთმა, თავის ახლო მოკავშირე აზერბაიჯანთან სოლიდარობის ნიშნად, დაბლოკა სომხეთის გეგმის პარალელური განახლება.
ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ წერს, საფრანგეთი ახლა ზეწოლის ქვეშაა,მოხსნას ვეტო ბაქოსთან ნატო-ს უფრო მჭიდრო კავშირებზე, რადგან ფრანგი პატიმარი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შეიწყალა.
ნატო-ს ხუთი დიპლომატის განცხადებით, კავკასიის ორი ქვეყანა ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამხედრო წვრთნები, მომზადება და სხვა მიმართულებები. მათივე თქმით, შედეგად, ორივე გეგმა უკვე ერთ წელზე მეტია, გაურკვეველ მდგომარეობაშია.
„ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამა” ალიანსის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგისა და სამხედრო თანამშრომლობისთვის. პროგრამის განახლება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება.