„პოლიტიკო“ – შავი ზღვის ბლოკადით გამოწვეული ექსპორტის კრიზისის ფონზე, პოლონეთმა და რუმინეთმა უარი თქვეს უკრაინისთვის მარცვლეულის ექსპორტში დახმარებაზე
შავი ზღვის ბლოკადით გამოწვეული ექსპორტის კრიზისის ფონზე, პოლონეთმა და რუმინეთმა უარი თქვეს უკრაინისთვის მარცვლეულის ექსპორტში დახმარებაზე. ამის შესახებ „პოლიტიკო“ აქვეყნებს სტატიას.
გამოცემის ცნობით, ოფიციალური ვარშავა და ბუქარესტი აცხადებენ, რომ მათ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევა არ შეუძლიათ.
რუმინელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინული მარცვლეულის ჭარბი რაოდენობა, დუნაიზე წყლის დაბალ დონესთან ერთად, უფრო გადატვირთავს ქვეყნის პორტებს, რაც რუმინელ ფერმერებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვაში ხელს შეუშლის.
„ჩვენივე ფერმერების ინტერესები პრიორიტეტად რჩება“, – განუცხადა რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბარნა ტანციოსმა გამოცემას.
ამასთან, პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ არ აპირებენ რაიმე ცვლილების შეტანას უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანზიტის გაზრდასთან დაკავშირებით.
„პოლიტიკოს“ ცნობით, უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტარას ვისოცკი მიმდინარე კვირაში ბრიუსელში ჩავიდა, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ ესაუბრა ევროპელ კოლეგებთან.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვისოცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ექსპორტის ნახევარზე ნაკლები ევროპული რკინიგზით, საავტომობილო და მდინარის მარშრუტებით იგზავნება და ბლოკადა თუ გაგრძელდება, შესაძლოა, წელს უკრაინიდან 35 მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტირება ვერ მოხდეს.