„პოლიტიკო“ – საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების ფონზე, იტალიის ხელისუფლება მილანში 500 სამხედრო მოსამსახურის განთავსებას გეგმავს
იტალიის ხელისუფლება გეგმავს რამდენიმე ღონისძიების გატარებას, მათ შორის, მილანში 500 სამხედრო მოსამსახურის განთავსებას.
გადაწყვეტილება ქალაქში შაბათ-კვირას საპროტესტო აქციებზე მომხდარ არეულობას უკავშირდება. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
მილანში პოლიციამ გასულ უქმეებზე დაახლოებით 270 ადამიანი დააკავა. მათი უმეტესობა არასრულწლოვანი იყო.
მედიის ცნობით, ახალგაზრდების მიერ გამართული, წინასწარ ნებადართული საპროტესტო აქციები ძალადობასა და ძარცვაში გადაიზარდა.
მედიის წინასწარი ინფორმაციით, იტალიის მთავრობა განიხილავს პოლიციის უფლებამოსილებების გაფართოებას. ინიციატივის თანახმად, პირები, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ, თუმცა შესაძლო საფრთხის შემცველებად მიიჩნევიან, შესაძლოა, პრევენციული დაკავების წესით 24 საათამდე ვადით დააკავონ. ეს დებულება შესაძლოა, არასრულწლოვნებზეც გავრცელდეს.
გარდა ამისა, პოლიციას შესაძლოა მიენიჭოს უფლება, არეულობაში მონაწილეობის ეჭვის საფუძველზე პირები მომხდარი ფაქტის შემდეგაც დააკავოს.
იტალიის ვიცე-პრემიერის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, აღნიშნული ზომების მიზანია ახალი არეულობის თავიდან აცილება და ისტორიულ ცენტრებში ბიზნესის თავისუფლებისა და მოქალაქეთა გადაადგილების უფლების დაცვა.