„პოლიტიკო“ – საფრანგეთში ოპოზიციური პარტია „მწვანეები“ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა
საფრანგეთის პარლამენტში ოპოზიციური პარტია „მწვანეები“ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პარტია პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს რეკორდული სიცხის პერიოდში არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.
პრემიერ-მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „მწვანეები“ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, უნდობლობის გამოცხადების ინიციატივის წარმატების შანსი მცირეა, რადგან მას სხვა მსხვილი ოპოზიციური პარტიების, მაგალითად, „ეროვნული გაერთიანების“ ან „სოციალისტების“ მხარდაჭერა სჭირდება.
„სოციალისტებმა“ მხარი არ დაუჭირეს ლეკორნუს წინააღმდეგ მიმართულ არცერთ უნდობლობის ვოტუმის იმ ექვსიდან, რომლებიც მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ის გასულ წელს პრემიერ-მინისტრი გახდა.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებდა, ხოლო 23-24 ივნისი ქვეყნის მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელი დღეები იყო. წინასწარი მონაცემებით, სიცხის ტალღის პერიოდში ქვეყანაში საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით 1 000-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, სტეფანი რისტის განცხადებით, გარდაცვლილთა საბოლოო რაოდენობის დასადგენად დამატებითი დროა საჭირო.