„პოლიტიკო“ – საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, კიდევ უფრო გაამკაცროს მიგრაციული პოლიტიკა და შემოიღოს „საგანგებო რეჟიმი“ მასობრივი მიგრაციული ზეწოლის შემთხვევებისთვის
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ევროკავშირს მოუწოდა, კიდევ უფრო გაამკაცროს მიგრაციული პოლიტიკა და შემოიღოს „საგანგებო რეჟიმი“ მასობრივი მიგრაციული ზეწოლის შემთხვევებისთვის, მაგალითად, როგორიც იყო ქალაქ სეუტაში განვითარებული ბოლო მოვლენები. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ესპანეთის ანკლავის გარდა, მან დამატებით მაგალითებად მოიყვანა 2020 წელს თურქეთიდან ევროპაში, მათ შორის საბერძნეთშიც მიგრანტების მასობრივი შედინება, ასევე 2021 წელს ლიეტუვის, პოლონეთისა და ლატვიის საზღვრებზე ბელარუსთან განვითარებული მსგავსი მოვლენები.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებულ ზომებს შორისაა თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების განხილვის დროებითი შეჩერება, ახლად ჩამოსული მიგრანტების დაჩქარებული რეპატრიაცია, ასევე ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებლივი ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევა.
მიცოტაკისის განცხადებით, ევროკავშირის მიერ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახლახან მიღებული პაქტი არასაკმარისია, რადგან ეს ინსტრუმენტები გათვლილია „ისეთ სიტუაციებზე, რომლებიც არსებითად კვლავ მართვადია“.
„ევროპის საზღვრებზე, განსაკუთრებით კი ესპანურ ანკლავ სეუტაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები მორიგი შეხსენებაა იმისა, რომ მიგრაცია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ჰუმანიტარულ პრობლემას ან მენეჯმენტის გამოწვევას. ზოგიერთ შემთხვევაში, ის გეოპოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა“, – აღნიშნა კირიაკოს მიცოტაკისმა.
როგორც საბერძნეთის პრემიერმა განაცხადა, ასეთ ვითარებაში ყველა ჩამოსულისთვის თავშესაფრის მიცემისა და მიღების სტანდარტული სისტემების სრულად გამოყენება ხშირ შემთხვევაში „არა მხოლოდ რთული, არამედ შეუძლებელიც კია“.
ამასთან, მისივე თქმით, მიგრანტების მასობრივი შედინება ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას და ართულებს შენგენის ზონის ფუნქციონირებას.
„მკაცრად განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში, რომლებსაც თან ახლავს საგანგებო და არაპროპორციული ზეწოლა – იქნება ეს სახმელეთო საზღვრებზე თუ ზღვით მიგრანტების მასობრივი ჩამოსვლის შემდეგ – ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, სპეციალური საგანგებო რეჟიმის ფარგლებში, დროებით შეაჩერონ ახლად ჩამოსული პირების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებების განხილვა. ამავდროულად, ოპერატიულად მოახდინონ იმ პირების რეპატრიაცია, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის უფლება არ აქვთ, ევროკავშირის სამართლებრივი ვალდებულებების სრული დაცვით“, – აღნიშნა მიცოტაკისმა.