„პოლიტიკო“ - რობერტ ფიცო ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შესახვედრად მიფრინავდა, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო ბელგიის საჰაერო სივრცე დაიხურა და უკან დაბრუნება მოუწია
„პოლიტიკო“ - რობერტ ფიცო ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შესახვედრად მიფრინავდა, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო ბელგიის საჰაერო სივრცე დაიხურა და უკან დაბრუნება მოუწია

თვითმფრინავს, რომლითაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ბრიუსელში მიფრინავდა, უკან დაბრუნება მოუწია. აღნიშნულის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, რობერტ ფიცო ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შესახვედრად მიფრინავდა, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო ბელგიის საჰაერო სივრცე დაიხურა და უკან დაბრუნება მოუწია. ბრიუსელის აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით, ბრიუსელის საჰაერო სივრცე დაახლოებით ერთი საათით დაიხურა. მათივე თქმით, ამის მიზეზი საჰაერო მოძრაობის კონტროლის დაუზუსტებელი ტექნიკური პრობლემა გახდა.

„როგორც ჩვეულებრივ, ადამიანი გეგმავს რაღაცას, ღმერთი კი ცვლის“, – განაცხადა ფიცომ ბრატისლავაში დაბრუნებისას თვითმფრინავში გადაღებულ ვიდეოში.

ამასთან, ფიცოს თქმით, ორშაბათს ბრიუსელში არაფორმალურ სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას გეგმავს და, ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის გარდა, შეეცდება, ურსულა ფონ დერ ლაიენთან პირისპირ საუბარს გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით.

„ეს საკითხი უდიდესი მნიშვნელობისაა“, – აღნიშნა ფიცომ.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა ფიცოსთან შეხვედრის გადადება, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის გაიმართება შეხვედრა.