„პოლიტიკო“ – პენტაგონი გერმანიაში მდებარე ნატო-ს იმ სარდლობის ხელმძღვანელობას ტოვებს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციას უწევს
პენტაგონი გერმანიაში მდებარე ნატო-ს იმ სარდლობის ხელმძღვანელობას ტოვებს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციას უწევს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირსა და გეგმის შესახებ ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უსაფრთხოების დახმარების ჯგუფის ხელმძღვანელობას საბოლოოდ ნატო-ს სხვა წევრი ქვეყანა გადაიბარებს. ეს ჯგუფი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინელი სამხედროების აღჭურვასა და მომზადებაში ცენტრალურ როლს ასრულებდა.
„სარდლობას ევროპელი ან კანადელი ოფიცერი თუ ჩაიბარებს, ეს მოკავშირეების მიერ უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღების კიდევ ერთი მაგალითი იქნება“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ ანონიმურმა წყარომ ნატო-დან.
წყაროების ინფორმაციით, ხელმძღვანელობის გადაბარების პროცესი ერთ წლამდე გაგრძელდება, თუმცა ეს უკრაინისთვის მიმდინარე მხარდაჭერაზე გავლენას არ მოახდენს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას ნატო უხელმძღვანელებს, მასში აშშ-ის ევროპული სარდლობა ამერიკელი მოადგილის მეშვეობით კვლავ იქნება ჩართული.
„უკრაინის მხარდაჭერა კვლავაც უმაღლეს პრიორიტეტად რჩება“, – განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ვისბადენში განთავსებული უსაფრთხოების დახმარების ჯგუფი (SAG-U) კოორდინაციას უწევს უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, ასევე ზედამხედველობს უკრაინელი სამხედროების მომზადებასა და ლოგისტიკურ მხარდაჭერას.