„პოლიტიკო“ – პარიზის პროკურატურამ პრეზიდენტობის კანდიდატების, ედუარდ ფილიპისა და გაბრიელ ატალის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამო გამოძიება დაიწყო, რომლის უკანაც რუსეთთან დაკავშირებული ქსელები დგას
პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საფრანგეთის 2027 წლის პრეზიდენტობის კანდიდატების, ედუარდ ფილიპისა და გაბრიელ ატალის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის გარშემო, რომლის უკანაც რუსეთთან დაკავშირებული ქსელები დგას, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, მიმდინარე წლის ზაფხულში ორივე მათგანი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყალბი ახალი ამბების ფიგურანტები იყვნენ, რაც მათი წინასაარჩევნო კამპანიების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
„პლატფორმა „იქსზე“ განთავსებულ გაყალბებულ ვიდეორგოლში გამოყენებული იყო წამყვანი ფრანგული საინფორმაციო პლატფორმის ლოგო და ვიდეომასალაში საუბარი იყო, რომ ედუარდ ფილიპს, რომელსაც ალოპეცია სჭირს, ნეიროდეგენერაციული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო „ტიკტოკსა“ და „იქსზე“ გაბრიელ ატალის შესახებ ვრცელდებოდა ყალბი ცნობები, რომ მას პარკინსონის დაავადება აქვს და ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს“, – ნათქვამია მასალაში.
ფილიპი და ატალი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის მთავარი პრეტედენტები არიან. გაბრიელ ატალმა დაგმო ეს დეზინფორმაცია და სარჩელი შეიტანა. ედუარდ ფილიპმა კი საჯარო განცხადებისგან თავი შეიკავა, თუმცა მისმა მოკავშირეებმა ეს მოვლენები რუსეთის სავარაუდო ჩარევად შეაფასეს.
საფრანგეთის სპეციალიზებულმა ზედამხედველობის სააგენტომ, რომელიც მონიტორინგს უწევს ონლაინ უცხოურ ჩარევას სავარაუდო ეჭვმიტანილებად რუსეთთან დაკავშირებული ქსელები „შტორმ-1516“ და „მატრიოშკა“ დაასახელა. მსგავსი დეზინფორმაციული ოპერაციების სამიზნე გახდა პრეზიდენტობის კიდევ ერთი პრეტენდენტი მემარცხენე ცენტრისტული ძალებიდან – რაფაელ გლუკსმანი. მის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის ოფისმა ცალკე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.