„პოლიტიკო“ - ნატო-ს სამიტზე მოკავშირეები დაამტკიცებენ წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ალიანსის სამხედრო მეთაურს დრონებთან დაკავშირებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად მეტი უფლებამოსილება მიენიჭება
„პოლიტიკო“ - ნატო-ს სამიტზე მოკავშირეები დაამტკიცებენ წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ალიანსის სამხედრო მეთაურს დრონებთან დაკავშირებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად მეტი უფლებამოსილება მიენიჭება

ნატო-ს ქვეყნებს სურთ, ალიანსის სამხედრო მეთაურს მეტი უფლებამოსილება მიანიჭონ დრონების გაუვნებელყოფაში.

როგორც გამოცემა „პოლიტიკოს“ ნატო-ს ორმა დიპლომატმა და ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადეს, მომდევნო თვეს, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, მოკავშირეები დაამტკიცებენ ახალ წინადადებას, რომელთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოცემის ცნობით, ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მეთაურს, გენერალ ალექსუს გრინკევიჩს დრონებთან დაკავშირებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად მეტ უფლებამოსილებას მიანიჭებენ.

შედეგად, მთავარსარდალს მეტი მოქნილობა ექნება რესურსების გადაადგილების, ასევე საბრძოლო მზაობის დონის განსასაზღვრად და საჭირო აღარ იქნება, ოფიციალური ნებართვის მიღება. შედეგად, ნატო-ს თავდაცვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ოფიციალურად ჩაერთვება საჰაერო პატრულირების მისიაში, რომელსაც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ავიაგამანადგურებლები ახორციელებენ.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ალიანსის წევრებმა, მანამდე არსებული შეზღუდვების გაუქმებისა და მეთაურისთვის უფლებამოსილების გაფართოების საკითხი მას შემდეგ წამოჭრეს, რაც ბოლო პერიოდში ნატო-ს საჰაერო სივრცეში დრონებით შეჭრის შემთხვევები გახშირდა, მათ შორის, დაფიქსირდა ირანული ბალისტიკური რაკეტის გაშვება თურქეთის მიმართულებით.